საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეებშიც ატარონ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეეხება სამ დიდ ქალაქს: ბათუმს, ქუთაისსა და თბილისს.
"ეს, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.